ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთი კომპანიის ტოპ-მენეჯერი სტაჟიორს ეძებდა და აპლიკანტების განაცხადებს არჩევდა. დაახლოებით 150 განაცხადიდან მაქსიმუმ 20 წუთში 5-6 საუკეთესო კანდიდატი უნდა აერჩია და მეორე დღეს გასაუბრებაზე დაებარებინა. ეს თითქოს შეუძლებელია, თუმცა არასწორი ფორმით შევსებული CV-ების გამო მათი უმრავლესობის განხილვაზე 5 წამზე ნაკლები დრო დახარჯა. სულ 3 ადამიანი დაიბარა.
ასეთი რამ ხშირად ხდება. მეც ასე ვარ. მას შემდეგ რაც HR სფეროში მუშაობა დავიწყე, CV-ების გადარჩევისას შეცდომებს ხშირად ვხვდები და მათი შემდგომი განხილვის სურვილიც არ მიჩნდება. გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. სამსახურის ძიების პროცესში დაშვებული შეცდომების (განხილული CV-ებისა თუ ოდესღაც ჩემი) მაგალითები დავაჯგუფე; ამბავს კი პირველ პირში მოგიყვებით. შეიძლება, ბევრ პუნქტში საკუთარი თავიც ამოიცნოთ. არ შეგეშინდეთ, ყველაფერი სწავლადი და გამოსწორებადია, მთავარია, მოინდომოთ.
ამბავი იმის შესახებ, როგორ გაიარა CV-მა “ტრანსფორმაცია”.
სამსახურის ძებნა გადავწყვიტე. ვაკანსიების გადათვალიერების შემდეგ მალევე გავაცნობიერე, რომ ყველგან CV უნდა გამეგზავნა, ხოლო სტრუქტურირებული დოკუმენტის შექმნა ახალი გამოწვევა იყო. როცა რამე არ ვიცით,
რას ვაკეთებთ ხოლმე?
ჩვენ, ყველა მეგობრებს (ან…) მივმართავთ დასახმარებლად. ამ კონკრეტულ პერიოდში ჩემს გვერდით ჩემი დეიდაშვილი აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია და გამოცდილებიდან იცოდა, რა არ მოსწონდა / მისთვის დოკუმენტის როგორი ფორმა იქნებოდა მისაღები.
რა შეცდომა დავუშვი?
CV დეიდაშვილმა დამიწერა. ისიც ინგლისურად და მეც ამაყად ვაგზავნიდი ყველგან. ვაკანსიის გადათვალიერების შემდეგ ერთხელ შექმნილ დოკუმენტს “ვაფორვარდებდი”. რამდენიმე შემთხვევის შემდეგ “შრომა გავწიე” და მისი ქართულად თარგმნა მოვინდომე. ამ დროს ბევრ რამეზე ვიფიქრე, ჩემს განვლილ გზას ცოტა უცხოს თვალითაც შევხედე. კითხვა დამებადა, უნდა დავწერო თუ არა ჩემ მიერ შესრულებული აბსოულუტურად ყველა აქტივობა ?
რა შეცდომა დავუშვი?
რა თქმა უნდა, ყველაფერი პატიოსნად ჩამოვწერე, ზოგი “თანამდებობა შევალამაზე” და 3-4 გვერდიანი“ნაშრომის” გაგზავნა დავიწყე. არც ჩემი საამაყო სკოლა, ჯილდოები (ცალკე გრაფადაც გამოვყავი) დამვიწყებია. ეს მართლა მეამაყებოდა. ამასობაში დავადგინე, რომ პირადი მონაცემები უნდა მიმეწერა, ფოტოც არ იქნებოდა ურიგო.
რა შეცდომა დავუშვი ?
მოვძებნე ჩემი საუკეთესო ფოტო (სადაც ყველაზე მორთული ვიყავი), დოკუმენტს დავურთე. მარცხენა მხარეს ოჯახური მდგომარეობაც მივაწერე და კვლავ დარწმუნებული ვიყავი, საუკეთესო CV მქონდა.
…
შემდეგ შეცდომების რეფლექციის, სწავლისა და გამოსწორების პერიოდი დაიწყო.
ამასობაში შენც (ხომ არ) შეიტანე CV-ს შეუდარებლობაში ეჭვი?
დაფიქრდით, რამდენი პუნქტი ემთხვევა ჩამოთვლილი შეცდომებიდან?
რჩევა:
- უცხოენოვანი CV გააგზავნეთ, მხოლოდ მაშინ, თუ ეს დამსაქმებლისგან მოთხოვნილია.
- CV მაქსიმუმ 2 გვერდი უნდა იყოს.
- ყოველი განაცხადის წინ გადახედეთ CV-ს. კარგად დაფიქრდით, რა აინტერესებს ორგანიზაციას?! ამის მიხედვით გააკეთეთ შესაბამისი აქცენტები.
- ოჯახური მდგომარეობა და სხვა არასაჭირო ინფორმაცია ამოიღეთ, ზედმეტი ამ შემთხვევაში მავნებელია. მაგ: თუ უკვე დაამთავრეთ უნივერსიტეტი და (იგივე) სკოლის მასწავლებლობას არ აპირებთ, საჭირო არაა მისი აღნიშვნა. ეს მხოლოდ თქვენ და, მაქსიმუმ, ოჯახის წევრებს გეამაყებათ.
- ფოტო აუცილებელი არაა (განვითარებულ ქვეყნებში შეგიძლიათ ფოტოს მოთხოვნისას დისკრიმინაციისთვისაც კი უჩივლოთ), საქართველოში ეს ცუდ ტონად არ ითვლება, თუმცა (!) ყურადღება მიაქციეთ გარემოს, მაკიაჟს, გადაღების კუთხეს და ა.შ…
- თავდაპირველად ყველაზე აქტუალური / ბოლოს მომხდარი/ მიმდინარე თარიღები დაწერეთ, ანუ თარიღები დაღმავალი თანმიმდევრობით დაალაგეთ.
- სტრუქტურირება აუცილებელია, ერთი კონკრეტული ფორმატი არ არსებობს. თუმცა რეზუმეს ფორმატი და CV -ს სტილი განასხვავეთ.
- ფაილი გადაიყვანეთ PDF ფორმატში და თქვენი სახელი დაარქვით.
რამდენიმე დღის წინ ორ მეგობარს CV შევუსწორე… მრავალი წარუმატებელი განაცხადის შემდეგ გასაუბრებაზე დაიბარეს.
თქვენც წარმატებას გისურვებთ…
P.S. არ დაგავიწყდეთ, ყველაფრის გამოსწორება და სწავლა შეიძლება.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen